„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანზე გზა გადაკეტეს
გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებმა გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.
აქციაზე სახელწოდებით “პიკეტირება - ხმაური თავისუფლებისთვის!” მოქალაქეები 18:00 საათიდან შეიკრიბნენ, მათი მიზანი გმირთა მოედნის სრული პიკეტირებაა.
ამ წუთებში, სამართალდამცველები გზაზე ვითარების დარეგულირებას ცდილობენ, მოქალაქეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაჰყავთ და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას აძლევენ.
როგორც სამართალდამცველებმა შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა მოითხოვს.
“გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, მხოლოდ მაშინ გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით”, - განუცხადა სამართალდამცველმა აქტივისტებს.