"ჩემი გამომწერების 40% რუსია... ახლოვდება ცვლილებების დრო, მზად ვარ, დავკარგო ყველა რუსი გამომწერი" - რას წერს ქართველი "ინფლუენსერი" 4 მილიონიანი გამომწერით
ცნობილი ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. როგორც მარიამი წერს, ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება“ მოვიდა, იტირა, თუმცა მაინც ფიქრობდა, რომ ქვეყანაში ახალი ძალის მოსვლა გაამართლებდა.
მალე იმედი გაუცრუვდა. მარიამს ინსტაგრამზე 4.4 მილიონი გამომწერი ჰყავს, აქედან მისი თქმით, 40% რუსები. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს ციფრი მნიშვნელოვანია, მზად არის ყველა რუსი გამომწერი დაკარგოს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
მარიამ შუკაკიძე:
- ვიცი, რომ ელოდებოდით ჩემს კომენტარს. ისიც ვიცი, რომ გაგიკვირდებათ, რასაც ახლა ვიტყვი.
სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. იმდენად არ მინდოდა მათი მოსვლა, ცხარე ცრემლებით ვიტირე, მაგრამ იმის იმედი მქონდა, რომ გაამართლებდნენ. მაგრამ ყოველწლიურად იმედი მიცრუვდებოდა.
არასოდეს გამომიხატავს აგრესია, თუმცა ფეისბუქის ძველ პოსტებს თუ გადავხედავთ, არასოდეს მომწონდა ეს მთავრობა.
მე არ მივეკუთვნები იმ საზოგადოებას, რომელიც ჩუმად არის. მე არ ვეთანხმები რუსულ კანონს.
ალბათ იცით, რომ ჩემი გამომწერების 40% რუსები არიან, რომლებსაც ძალიან თბილი და კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩემი ოჯახის მიმართ. მაგრამ მაპატიეთ, მე და ჩემი ოჯახი არასოდეს გავხდებით თქვენი ნაწილი. არასოდეს მექნება სურვილი მოსკოვში ცხოვრების და არასოდეს მენდომება, რომ თქვენთან რაიმე შეხება მქონდეს.
მე ვარ ქართველი და ამავდროულად ევროპელი. მე ამაყი ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცნობილი ინსტაგრამ "ინფლუენსერი" ვარ გამომწერების რაოდენობით და ჩემთვის ეს სტატუსი მნიშვნელოვანია და შესანარჩუნებელი, მზად ვარ დავკარგო ყველა რუსი გამომწერი.
მიყვარს საქართველო და ჩემი ქვეყანა. ახლოვდება ცვლილებების დრო. მე თქვენს გვერდით ვარ ჩემო ლამაზო ქართველებო. მიყვარხართ.