რამდენ ენაზე მღერის დიტო ქისიშვილი და რატომ აღარ ასრულებდა "თუშურს"? - როგორ ცხოვრობს დღეს მომღერალი
წლების წინ დიტო ქისიშვილის შესრულებული განსაკუთრებით პოპულარული სიმღერა - "თუშური" ამ ბოლო დროს ისევ პოპულარობის პიკშია. ამ სიმღერის შესრულებაზე დიტო წლების განმავლობაში უარს ამბობდა, თუმცა ახლა კვლავ სიამოვნებით ასრულებს, ამის მიზეზსა და სხვა საინტერესო თემებზეც თავად გვესაუბრება...
- დიტო, როგორ ხართ?
- არაჩვეულებრივად, პოზიტიურად, ამაყად...
- თქვენი განწყობა იმ ფაქტმაც ხომ არ განაპირობა, რომ თქვენი, როგორც თავად უწოდებთ ხოლმე, "მიძინებული" სიმღერა - "თუშური" კვლავ პოპულარული გახდა?
- საერთოდ, ისეთი ხასიათი მაქვს, რომ პოზიტიურ განწყობას ყოველთვის მაქსიმალურად ვინარჩუნებ, თუმცა - კი, ამ ამბავმაც დიდი როლი ითამაშა. ეს სიმღერა პირველად 2006 წელს შევასრულე. მას მერე, წლების განმავლობაში, სხვა ჟანრის სიმღერებსაც ვმღეროდი, თუმცა ყველგან "თუშურს" ითხოვდნენ - ყველას ძალიან მოსწონდა. იმდენჯერ მქონდა უკვე ნამღერი, რომ ერთი და იგივე გბეზრდება. ამიტომ თავადვე ვიყავი ინიციატორი, რომ ეს სიმღერა "ჩამეკეცა". ალბათ, 8-10 წელია აღარ შემისრულებია, თუმცა ინტერნეტში იყო, რადიოსივრცეში დღემდე "ტრიალებს", მაგრამ როცა ტელევიზიებიდან მირეკავდნენ და ამ სიმღერის შესრულებას მთხოვდნენ, ყოველთვის უარს ვამბობდი, რადგან ბევრი სხვა ახალი სიმღერა მქონდა. მაგალითად, ოსურ სიმღერებს ვასრულებ, ასევე - ქურთულს, აზერბაიჯანულს... ახლა კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობ - სომხური სიმღერების ციკლი უნდა გამოვუშვა. მოკლედ, ვცდილობდი, ახალი სიმღერებისთვის მიმექცია ყურადღება, მაგრამ "ტიკტოკზე" ქეთამ რომ იხუმრა - ხევსურ ვაჟკაცს უნდა გავყვე ცოლად, აივანზე უნდა დავიძინო, იქნებ მომიტაცოსო და თავის ამ ხუმრობას ფონად ჩემი სიმღერის ბოლო ნაწილი ("აიმ მთაზედა ყორნები"...) "დაადო", ამან დიდი ამბავი გამოიწვია - ყველანაირი რეკორდი მოხსნა: ამერიკაში ქეთას გამგზავრებამდე, 96 მილიონი ინდივიდუალური "ნახვა" ჰქონდა, ხოლო ამ სიმღერაზე 4-მილიონ-ნახევარი ვიდეო იყო გადაღებული. კომენტარებზე აღარაფერს ვამბობ... თავად "ტიკტოკის" მომხმარებელი არ ვიყავი: გვერდი ჩემმა უფროსმა გოგონამ გამიკეთა, სადაც "კოვიდის" პერიოდში, ჩემი კლიპი - "თბილისი და თბილისელები" გამოვაქვეყნე. რადგან არ ვაქტიურობდი, ვიდეოს 10 "ნახვა" და 2 კომენტარი ჰქონდა (იცინის). გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვლადიკავკაზში ვიყავი, სადაც ოსური სიმღერები შევასრულე. იქ გადაღებული ვიდეოები გამომიგზავნეს და როცა თბილისში დავბრუნდი, ჩემმა გოგონამ მითხრა, - "ტიკტოკზე" შენი ვიდეო "დავდოთო". ღამის 12-ის ნახევარზე გამოვაქვეყნე, დილით კი დაახლოებით 400 ათასი "ნახვა" ჰქონდა, პლუს - 4000-მდე კომენტარი. საღამოს მეორე ოსური სიმღერის ვიდეოც გამოვაქვეყნე, მასაც ანალოგიური გამოხმაურება მოჰყვა... სავარაუდოდ, ქეთამ ეს ნახა, მერე კი თავისი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც ჩემი სიმღერა "დაადო"... "ნახვების" რაოდენობა დღემდე იზრდება - "თუშურს" უკვე 103 მილიონი "ნახვა" ჰქონია, კომენტარებიც ემატება...
- ანუ სხვა გზა არ დაგიტოვეს და ტელევიზიებში "თუშურს" კვლავ ასრულებთ, არა?
- როცა სიმღერას ამხელა გამოხმაურება აქვს, უარის თქმა არ შეიძლება. საერთოდ, მსმენელებისთვის თავის მობეზრება და ზედმეტი პოპულიზმი არ მიყვარს. როცა რაღაც დიდ ამბავში აღმოვჩნდები, მერე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ცოტა ხნით ხალხს თავი მივავიწყო. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში რამე კარგის გაკეთებას ვცდილობ, რაც ჩემი ხელახლა გამოჩენით მსმენელისა და მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. გააგრძელეთ კითხვა