"ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. ბანკეტი არ მექნება. სოფელი დაცლილია" - რას ჰყვება ლაშის სკოლის ერთადერთი მე-12 კლა­სე­ლი, რომლისთვისაც ბოლო ზარი დაირეკა | Allnews.Ge

"ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. ბანკეტი არ მექნება. სოფელი დაცლილია" - რას ჰყვება ლაშის სკოლის ერთადერთი მე-12 კლა­სე­ლი, რომლისთვისაც ბოლო ზარი დაირეკა

20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დიდი ჟრიამული იყო ყველა სკოლაში. მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებოდნენ ამ დღისთვის, რომ მათთვის ლამაზი და დაუვიწყარი ყოფილიყო. ალბათ, ყველა ადამიანისთვის მართლაც სასიამოვნო სანახავია ქუჩებში მოხატული პერანგებით მოსიარულე თვალებციმციმა გოგო-ბიჭების ხილვა, მათი მხიარულება. როგორც გაირკვა, წელს საქართველოს რამდენიმე სოფლის სკოლას მხოლოდ ერთი მეთორმეტე კლასელი ჰყავდა, მაგრამ იქაც, როგორც სხვაგან, დიდი მხიარულება იყო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაშის წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის საჯარო სკოლა ერთადერთმა მეთორმეტე კლასელმა ვაჟა კვინიკაძემ დაამთავრა. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ალბათ ბევრმა ადამიანმა ნახა კიდეც დღეს. მხოლოდ მისთვის დაირეკა ამ სკოლაში ბოლო ზარი. ერთადერთი მოსწავლე საყვარელ სკოლას და პედაგოგებს დაემშვიდობა, რომლებმაც მას გზა დაულოცეს და ძალიან ლამაზი გაცილება მოუწყვეს სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებმა. ვაჟა კვინიკაძეს დღეს ვესაუბრეთ. ის ემოციებს ვერ მალავდა, ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო, თუმცა ისიც თქვა, გული კი მწყდება, სკოლა რომ დავამთავრეო.

ვაჟა კვინიკაძე:

- მარტო მე დავამთავრე დღეს ჩვენი სკოლა, მაგრამ ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. ასეთ გაცილებას არ ველოდი, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, ეს მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება. ცოტა საწყენია სკოლას რომ ამთავრებ და მიდიხარ იქიდან, ამას ახლავს ღელვა, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

vajasfoto-1716228147-1716268158.jpg

- მეხუთე კლასიდან მარტო ყოფილხარ კლასში, როგორი იყო ეს წლები შენთვის?

- დიახ, თავიდან კლას-კომპლექტი იყო. მეხუთე კლასიდან კი უკვე მარტო ვიყავი კლასში. სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მე მარტო ვიყავი გაკვეთილზე და სხვა სკოლებში ბევრნი იყვნენ კლასში. მე შეჩვეული ვიყავი კიდეც ასე ყოფნას და მომწონდა. ასე დასრულდა მე-12 კლასი.

ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. უმაღლესში ჩაბარებას არ ვაპირებდი და ამიტომ ყველა საგანს შეძლებისდაგვარად ვსწავლობდი, განსაკუთრებით მიყვარდა გეოგრაფია.

- როგორც გავიგე, სკოლის დამთავრებამდე მართვის მოწმობაც აგიღიათ.

- დიახ, მანქანის მართვა ბიძამ მასწავლა. ბიძაჩემის მანქანაზე ვისწავლე ტარება, მერე მეც ვიყიდე მანქანა და იმაზე გავაუმჯობესე, ასე ჩავაბარე გამოცდები და ავიღე მართვის მოწმობა სკოლის დამთავრებამდე. ახლა მინდა პროფესიას დავეუფლო, ვფიქრობ, მანქანის ხელოსნობა შევისწავლო, ან სხვა რომელიმე გამოსადეგი პროფესია. ზუსტად რა გზას ავირჩევ, ამაში ჩამოვყალიბდები. ის ვიცი, რომ უმაღლესში ჩაბარება არ მინდა. მირჩევნია, სპეციალობა მქონდეს.

18 წლის ვხდები 4 ივნისს და შემოდგომაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნა მომიწევს, ვფიქრობ, ჯერ ჯარში წავალ და ამის შემდეგ დავეუფლები პროფესიას.

- ვაჟა, გვიამბე შენს ოჯახზე.

- 4 დედმამიშვილი ვართ. ყველაზე უფროსი მე ვარ, სამი და მყავს. კარგი და-ძმობა გვაქვს. ჩემი გაცილების ზეიმში ისინიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, ცეკვავდნენ, რადგან ამავე სკოლის მოსწავლეები არიან. მართლა ლამაზი დღე იყო.

- რადგან მარტო იყავი კლასში, ხომ არ გიფიქრია სხვა სკოლაში გადასულიყავი?

- სხვა სკოლაში გადასვლა არ მიფიქრია, რადგან აქ ყველა მასწავლებელთან კარგი ურთიერთობა მქონდა. თუ სწავლა გინდა ადამიანს, როცა კლასში მარტო ხარ, უკეთესად ისწავლი კიდეც, რადგან ინდივიდუალურად გიხსნიან ყველაფერს. სკოლაში დილით მე და ჩემი დები სკოლის მანქანით მივდიოდით ხოლმე. კარგი წლები გავატარე ამ სკოლაში და მადლობა ჩემს პედაგოგებს, რომლებიც ძალიან მიყვარს. იხილეთ სრულად