"მშობლიურ ენაზე ფიქრი, აზროვნება, წერა, ბავშვის სრულფასოვნად განვითარების საწინდარია" - ფილოლოგი ქართული ენისა და ლიტერატურის სათანადოდ სწავლის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე გვესაუბრება
ხშირად საუბრობენ, რომ თანამედროვე, ციფრულ სამყაროში ქართული ენისა და ლიტერატურის სრულფასოვნად სწავლა დიდი გამოწვევაა. ახალგაზრდები უცხოური ფილმებით, წიგნებით, გადაცემებით ინტერესდებიან. მშობლებიც ცდილობენ, შვილებს დაწყებითი საფეხურიდანვე უცხოური ენები გაძლიერებულად ასწავლონ. თუმცა, სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ სახელმძღვანელოების დახვეწა, სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა და შემოქმედებითი მიდგომა მოსწავლეების მოტივაციას ზრდის. ნინო პოპიაშვილი უკვე მრავალი წელია, სტუდენტებთან მუშაობს. არის ფილოლოგიის დოქტორი, რამდენიმე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი და ამ მიმართულებით, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამავდროულად, არაქართველ სტუდენტებს ასწავლის და იცის, აქ რა მიღწევები და ხარვეზებია. ის საკუთარი გამოცდილების, ქართული ენისა და ლიტერატურის სრულფასოვნად სწავლის მნიშვნელობისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ ვრცლად გვესაუბრება და საკუთარ პოზიციას გვიზიარებს:
- ფილოლოგია სიტყვების, აზრების სიყვარულია. ჩემი სპეციალობა მწყობრი აზროვნების გამოხატვის შესაძლებლობაა. მე ასე ვხედავ, რომ ფილოლოგიის გარეშე, სიტყვებისა და აზრების გარეშე, არ არსებობს ადამიანი. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რას და როგორ ვამბობთ. ამას ზოგჯერ წესებით განვსაზღვრავთ, მაგალითად, გრამატიკული წესებით, ზოგჯერ, მსჯელობით, არგუმენტებით, ზოგჯერ - მხატვრული აზროვნებით. ჩვენ მუდმივად დაკავშირებულები ვართ სიტყვებთან, ცნებებთან, აზრებთან. ფილოლოგია კი სიტყვებთან ურთიერთობის პროფესიაა. ანტიკურმა სამყარომ ფილოლოგიას მისცა დიდი მასშტაბები, თანამედროვე ეპოქამ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა კი, კიდევ უფრო გააფართოვა და გაამრავალფეროვნა ჩვენი დარგი. ფილოლოგის პროფესია დიდი პასუხისმგებლობაა, სიტყვებთან, აზროვნებასთან ურთიერთობა მოითხოვს განსაკუთრებულ სიზუსტეს, აზრისა და მისი ფორმულირების, მისი გამოხატვის სრულ შესაბამისობას. ჩემთვის ეს არის ერთდროულად ძალიან სასიამოვნო და ძალიან საპასუხისმგებლო საქმე.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად ისწავლება დღეს სკოლებში ქართული ენა და ლიტერატურა?
- ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში რამდენიმე კომპონენტი მონაწილეობს: პირველ რიგში, ეს არის სახელმძღვანელოები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად უნდა იყოს შედგენილი. ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს, რომელმაც სახელმძღვანელოში მოცემული საკითხები უნდა გადასცეს მოსწავლეს. ეს კი მეთოდურად უნდა მოხდეს და, შესაბამისად, სწავლების მეთოდებს აქვს განმსაზღვრელი როლი. რასაკვირველია, აქ მონაწილეობს სასკოლო და არასასკოლო სივრცეები, დღეს, 21-ე საუკუნეში, სწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიებს, ტექნიკურ აღჭურვას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიური ეპოქის შვილები არიან. მათთვის ტექნიკასთან ურთიერთობა ყოველდღიურობაა. საჭიროა მოსწავლეებთან იმ მეთოდებით მუშაობა, რომლებიც გაუადვილებს მათ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლას, ახლოს იქნება მათ მსოფლაღქმასთან.
ქართული ენა და ლიტერატურა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ისწავლებოდა. ბევრი რეფორმა გავიარეთ და ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ ვართ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების საუკეთესო ფორმასთან და შინაარსთან. სახელმძღვანელოების შედგენისას გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმა, თუმცა დასახვეწია სწავლების ცალკეული ასპექტები. მაგალითად, ქართული ლიტერატურის სწავლებისას სახელმძღვანელოში მხატვრული ტექსტის ბოლოს დართული შეკითხვები და დავალებები ხშირად ბუნდოვანია, მოსწავლეებისათვის გაუგებარია შეკითხვების არსი, ზოგ შეკითხვაში რამდენიმე დამატებითი კითხვაა, რაც დაბნეულობას იწვევს.
სწავლების მეთოდები დიდ ყურადღებას საჭიროებს: არა მხოლოდ ის, თუ რას ვასწავლით, არამედ, ასევე - როგორ ვასწავლით. მეთოდების ნაწილი, რომელიც გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება, აღარ არის თანამედროვე ბავშვისათვის შესაბამისი. ხშირად სკოლებში, განსაკუთრებით, საჯარო სკოლებში, ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობის გამო მასწავლებლები და მოსწავლეები ვერ ახერხებენ მოამზადონ ელექტრონული პრეზენტაციები, გაამრავალფეროვნონ სასწავლო გარემო.
ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების მონაცვლეობა, სწავლების მიზანზე ორიენტირება, დამატებითი უნარების გამომუშავება მუდმივად განახლებადი საკითხებია, რომელთაც დიდი დაკვირვება, მუშაობა, კვლევა სჭირდება. გასათვალისწინებელია ასაკობრივი საკითხიც. მხოლოდ პედაგოგის შემოქმედებით უნარებსა და ინდივიდუალურ მეთოდოლოგიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სასწავლო გარემო. უნდა არსებობდეს სტანდარტი, რომელსაც ყველა პედაგოგი იცნობს და იყენებს.
დღეს ბევრი ტრენინგი ტარდება მასწავლებლებისათვის, სავალდებულოა პედაგოგის საკვალიფიკაციო გამოცდაც, თუმცა სასწავლო პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ პედაგოგების ნაწილი წარმატებით აბარებს გამოცდას, მაგრამ ვერ უმკლავდება მიმდინარე პრობლემებს.
- არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებასაც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში ისურვებდით?
- თანამედროვე სასკოლო გარემოში ხარვეზად მიმაჩნია ერთიანი სასწავლო და მეთოდოლოგიური სტანდარტების არარსებობა. ის უნარები, რომელიც მოსწავლეებს უნდა გამოუმუშავდეთ, სახელმძღვანელოების შედგენისას ნაკლებად არის გათვალისწინებული. თემებად დაყოფილი ენისა და ლიტერატურის საკითხები მოითხოვს მეთოდურ სწავლებას. სახელმძღვანელოებში შემოთავაზებული დავალებები ხშირად არ არის სასკოლო და საგაკვეთილო პროცესისათვის შესაბამისი. ზოგ შემთხვევაში, ძალიან მარტივად არის წარმოდგენილი საკითხის განხილვა-გაანალიზება, ზოგჯერ კი - პირიქით, აღემატება საკლასო გარემოს შესაძლებლობებს.
სასკოლო გარემოს ხარვეზად მიმაჩნია ის, რომ ხშირად ვერ, ან არ ვითვალისწინებთ, რომ მოსწავლეები არიან თანამედროვე ეპოქის, 21-ე საუკუნის სრულფასოვანი წევრები. დიდი დაფიქრება სჭირდება ამ საკითხს. არ არის გათვალისწინებული, რას და როგორ აღიქვამენ მოსწავლეები დიდი ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ. იხილეთ სრულად