ვინ რეკავდა მუქარის შემცველი ზარებით მოქალაქეებთან? - "გამოიყენეს გაყალბების სისტემა..."
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უცხო სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, რომლებიდანაც მოქალაქეებთან ზარები განხორციელდა, არ არის კონკრეტულ პირებზე რეგისტრირებული და სატელეფონო ნომრები არააქტიურია.
შესაბამისად, როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.
მათივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების დაშინებისკენ, საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც, სამსახურმა მითითებულ საკითხთან მიმართებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება, რეაგირების მიზნით გადაუგზავნა საქართველოს პროკურატურას."გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების თანახმად, მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები ხორციელდება როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის (მათ შორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მექსიკა) სატელეფონო ნომრებიდან. მომართვების ავტორების განმარტებით, ზარის განმახორციელებელი პირები, ორივე შემთხვევაში, საუბრობენ ქართულ ენაზე.
მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო ზარები მიემართება მიმდინარე საპროტესტო აქციებს და წარმოადგენს მათი დაშინების მცდელობას. კერძოდ, სატელეფონო ზარის განმახორციელებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, მათ უკავშირდებიან რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და მიმართავენ ღირსების შემლახველი ტერმინოლოგიით, ეკითხებიან, თუ რატომ არ უჭერენ მხარს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუკი ისინი და მათი ოჯახის წევრები პროტესტს არ შეწყვეტენ. გარდა სატელეფონო ნომრებისა, ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებთან/ნათესაურ კავშირებთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების ავტორების განმარტებით, ზარების ინიციატორები მუქარის შემცველი ზარებით უკავშირდებიან მათი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვანებს.
როგორც მოქალაქეების ნაწილი სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მიუთითებს, უცხო სატელეფონო ნომრებიდან შემავალ ზოგიერთ ზარს არ უპასუხეს და ზარის ინიციატორებთან მათი კომუნიკაცია არ შემდგარა, თუმცა, მათი რწმენით, აღნიშნული ზარებიც ცალსახად უკავშირდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტს, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და, შესაბამისად, მათ პოლიტიკურ შეხედულებას, რაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს წარმოადგენს. ამასთან, მათი მოსაზრებით, ამგვარ შემთხვევებშიც, ახლობლებთან თუ ნაცნობებთან განხორციელებული მსგავსი ზარების შინაარსის გათვალისწინებით, მიაჩნდათ, რომ თუ კომუნიკაცია შედგებოდა, იგი იქნებოდა დამაშინებელი, მუქარის შემცველი ან/და შეურაცხმყოფელი. იხილეთ სრულად