"ასდოლარიანების დასტა იყო შიგნით" - რა მოხდა, როცა ნიუ-იორკის ტბაში წყვილმა ფულით სავსე სეიფი იპოვა
ჯეიმს კეინმა და ბარბი აგოსტინიმ ფლაშინგ მედოუზ კორონა პარკში მდებარე ტბაში თოკით მაგნიტი ჩააგდეს, რომელსაც მოგვიანებით სეიფი ამოჰყვა. ჩაკეტილი ყუთის გახსნის შემდეგ წყვილმა მასში 100-დოლარიანი კუპიურების უშველებელი დასტა ნახა, რაც მთლიანად წყლით იყო გაჟღენთილი.
როგორც წყვილი მედიასთან აცხადებს, სეიფის ამოღების შემდეგ ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ. სამართალდამცავების თქმით, სეიფი არ იყო რაიმე დანაშაულთან დაკავშირებული და წყვილს თანხის შენახვის უფლება მისცეს:
"ადრეც უამრავი სეიფი გვაქვს ნაპოვნი, მაგრამ ამჯერად ვნახეთ, რომ შიგნით ფული იდო. დავთვალეთ და გავიფიქრე, რომ დაუჯერებელი რამ მოხდა. ასდოლარიანების დასტა იყო შიგნით! თანხა მთლიანად სველი და თითქმის განადგურებულია", - აცხადებს კეინი.
"სეიფში არც ვინმეს პირადობის მოწმობა ყოფილა, არც რაიმე სხვა საბუთი, რომ მისი მეპატრონე გვეპოვა. პოლიციამ ბოლოს სეიფის პოვნა მოგვილოცა კიდეც", - ჰყვება აგოსტინი.
მაგნიტით თევზაობა ძლიერი მაგნიტით ტბებსა და მდინარეებში "თევზაობას" გულისხმობს, იმ იმედით, რომ მას რაიმე ფასეული ამოჰყვება.წყვილის თქმით, მათ მაგნიტით თევზაობა კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყეს და ამ ხერხით მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ყუმბარები, მეცხრამეტე საუკუნის იარაღი და მოტოციკლეტიც კი აქვთ ნაპოვნი.