იცით, როდის აჩვენებს წნევის აპარატი ცრუ დაბალ ან ცრუ მაღალ წნევას?
ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა უნდა გავითვალისწინოთ წნევის გაზომვის პროცესში, რომ ზუსტი მონაცემი მივიღოთ:
- წნევის გასაზომი რამდენიმე საშუალება არსებობს. ერთ-ერთი სფიგმომანომეტრია, რომელიც მანჟეტისგან, ორი მილის, გასაბერი ბურთისა და თავად იმ მანომეტრისაგან შედგება, რომელზეც წნევას ვნახულობთ. მას შეიძლება თან ჰქონდეს დამაგრებული ფონენდოსკოპი, რომლის საშუალებითაც მხრის არტერიის ფეთქვა უნდა მოვისმინოთ, ან შეიძლება ცალკე იყოს. წარმოუდგენელია, ერთი მანჟეტი ყველა ზომის ადამიანს მოერგოს. შესაბამისად, მანჟეტის ზომის შერჩევა უმნიშვნელოვანესია. ის დამოკიდებულია მკლავის გარშემოწერილობაზე.
როგორ უნდა გავიგოთ, რამხელა მანჟეტი გვჭირდება? ამერიკის გულის ასოციაცია ასეთ რეკომენდაციას იძლევა, მანჟეტის სიგრძე მკლავის გარშემოწერილობის 80% უნდა იყოს. მაგალითად, თუ მკლავის გარშემოწერილობა 25 გვაქვს, მანჟეტის სიგრძე 20 სანტიმეტრი უნდა იყოს. ხოლო, მისი სიგანე მკლავის გარშემოწერილობის 40% უნდა იყოს. თუ მკლავის გარშემოწერილობა დიდია და მანჟეტი პატარაა, მაშინ ცრუ დაბალ მაჩვენებელს გვაჩვენებს. ანუ, დაბალ წნევას მივიღებთ. თუ დიდი მანჟეტი და პატარა მკლავია, მაშინ ცრუ მაღალ მაჩვენებელს გვაჩვენებს. ანუ გამოდის, რომ წნევას ვერ ვიზომავთ სათანადოდ, თუ ეს, თითქოს, პატარა კომპონენტი არ გავითვალისწინეთ. შეგვიძლია, ინფორმაცია ინტერნეტშიც მოვიძიოთ და ან ოჯახის ექიმს ვკითხოთ, როგორი ტიპის მანჟეტი შევიძინოთ.
ხშირად მინახავს, წნევის მანჟეტს პირდაპირ ტანსაცმელზე ამაგრებენ ზემოდან. თუმცა, უმჯობესია, მკლავი გაშიშვლებული იყოს. რაც უფრო მეტი ფენა იქნება არტერიასა და ფონენდოსკოპს შორის, ხმიანობის აღქმა გართულდება და შესაძლოა, ზუსტი მონაცემი ვერ გავიგოთ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხშირად გვხვდება, არის ის, თუ რამდენზე გავბეროთ. ყველა ადამიანთან ხომ არ შეიძლება, 200-ზე გავბეროთ. თან თუ ადამიანს ხშირად ვუზომავთ წნევას, წარამარა 200-ზე რომ გავბეროთ, არტერიას დავუზიანებთ. იქნებ, 200-მდე გაზომვა არ სჭირდება. იქნებ, 110-მდე რომ ავწიოთ ისარი, უკვე საკმარისია. ამიტომ, გარკვევა, თუ რა არის პაციენტის არტერიული წნევა, ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ხელზე მანჟეტს გავაკეთებთ, დავიწყებთ გაბერვას, პარალელურად პულსზე ხელი გვეჭიროს. რომელ ციფრზეც ვეღარ შევიგრძნობთ პულსაციას, იმას 30 კიდევ უნდა დავუმატოთ და ისარი იქამდე ავწიოთ.
ხშირად აქვთ შეკითხვა, ელექტროსაზომი ვიყიდოთ თუ მექანიკური - ელექტროსაზომი ელემენტზეა და ელემენტი შესაძლოა, საბოლოო ჯამში დაჯდეს, რაც ხარვეზს მოგვცემს.
მექანიკური საზომი პორტატიულია. შეგვიძლია, ნებისმიერ ადგილზე წავიღოთ. მოსახმარად მარტივია, მაგრამ ის, ვინც უსმენს, მას ყურიც კარგად უნდა ჰქონდეს შეჩვეული. ამიტომ, მაჩვენებლის დაფიქსირება მკვეთრად სუბიექტურია. ფასის მხრივ ხელმისაწვდომია. იხილეთ სრულად