"საქართველო ემზადება ბიჭებთან შესახვედრად" - ქომაგებით გადავსებული აეროპორტი და ემოციური წუთების მოლოდინი: რა ხდება ადგილზე?
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქომაგები იკრიბებიან. 09:00 საათზე თბილისში ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდება. აეროპორტში დილის 07:00 საათიდან იკრიბება ხალხი. თავდაპირველად იყო ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი თბილისში 07:30 საათზე ჩამოვიდოდა, თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბიჭები საქართველოში 09:00 საათზე ჩამოვლენ. ქომაგების განწყობა დილიდან ამაღლებულია, ისმის სიმღერა და შეძახილები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 ივლისს, 22:00 საათზე გულშემატკივარი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება.
"ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, ხოლო 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" ღონისძიება გაიმართება.