"5 აგვისტომდე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი გველოდება" - როგორი იქნება აგვისტო სინოპტიკოსთა პროგნოზით | Allnews.Ge

"5 აგვისტომდე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი გველოდება" - როგორი იქნება აგვისტო სინოპტიკოსთა პროგნოზით

სინოპტიკოსი, თამარ პაპაშვილი "იმედის დილის" ეთერში საუბრობს, როგორი ამინდი გველოდება უახლოეს დღეებსა და აგვისტოში:

- თბილისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, მიმდინარე კვირისა და მომდევნო კვირის მანძილზე არამდგრადი ამინდები გველის. 24 და 25 ივლისს ქარი იქროლებს. კვირის ბოლოდან ველოდებით როგორც ქარის გაძლიერებას, ასევე ნალექს. ტემპერატურა, უახლოეს დღეებში, დაახლოებით, +35 გრადუსამდეა ნავარაუდევი. მომდევნო დღეებში რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.

ბათუმში და ზღვის სანაპიროზე 24 ივლისს მცირე ხასიათის წვიმას ველოდებით. კვირის ბოლოდან 5 აგვისტომდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა უახლოეს დღეებში +35 გრადუსამდე იქნება. მომდევნო დღეებში ოდნავ დაიკლებს.

სამხრეთში, მთიან და მაღალმთიან რაიონებში დღისით მცირე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. მსგავსი მდგომარეობაა ჩრდილოეთშიც. კვირის ბოლოდან გურიაშიც, აჭარაშიც წვიმას ველოდებით.

5 აგვისტომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა ივლისის საშუალო ტემპერატურისაგან დიდად არ განსხვავდება. აგვისტოს მეორე ნახევარში მაღალი ტემპერატურა გველოდება. როგორც მოგახსენეთ, 5 აგვისტომდე ნალექიან დღეებია ნავარაუდევი. შემდეგ კვირაშიც ტემპერატურა დიდად არ მოიმატებს. უკვე აგვისტოს მეორე ნახევრიდან ტემპერატურის მატებას და ნალექების დაბალ ალბათობას ველოდებით.