“ყველაფერი კარგად იქნება, ყველა შენს გვერდში ვართ“ - "კვარას" მიმართვა დათის, რომელიც მორიგი ოპერაციისთვის ემზადება
ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის შესახებ, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ოჯახი უახლეს ინფორმაციას და ვიდეოს ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, მას კიდევ ერთი ოპერაცია ელის წინ, რის შემდეგაც პროთეზის მორგება უნდა გაუადვილდეს.
დათის ხშირად ამხნევებენ ცნობილი სპორტსმენები და ცნობილი ადამიანები. ამჯერად კი მას ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმართა. ვიდეოს დათის დედა აქვეყნებს:
“დათუნა ჩემო პატარა მეგობარო, როგორ ხარ? გავიგე რომ ოპერაციას იკეთებ. შენ ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ, გახსოვდეს. ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი შენთან არის.
ჩვენ ყველა შენს გვერდში ვართ. ძლიერად იყავი და გახსოვდეს, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ“, - მიმართავს ხვიჩა.
ცოტა ხნის წინ მას ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში, ლაშა ბექაურმაც მიმართა და გაამხნევა.
რაც შეეხება დათის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის ბოლო პერიოდში პალატაში რჩება. როგორც მოზარდის ოჯახის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, დათი რეაბილიტაციას გადის.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ გადაჰყავს სამედიცინო პერსონალს დათი დივანზე.
“როგორც თვითონ თქვა, ახალი სუპერგმირი გვყავს ოჯახში “მფრინავი ბურიტო“ (Flying Burrito)“, - წერს სახალისო კომენტარს დათის დედა.