გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ გახდა საჭირო ცესკოს ტერიტორიაზე ღობის გაკეთება და ადმინისტრაციაში მანდატურის სამსახურის შემოღება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ გახდა საჭირო ცესკოს ტერიტორიაზე ღობის გაკეთება და ადმინისტრაციაში მანდატურის სამსახურის შემოღება.
როგორც კალანდარიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ინფრასტრუქტურა მაღალი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვისათვის განხორციელდა, ისივე როგორც „პრევენციული“ ზომებისთვის, მანდატურის სამსახურის შექმნა კი ადამიანური რესურსებისა და შენობა-ნაგებობებში სამუშაო სივრცის მატებამ განაპირობა.
„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან ეს საკითხი ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩინდა, თან იმ ფონზე, როცა ამ ყველაფერს სხვა კონტექსტი ერთვის და კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. პრაქტიკაში ჩვენ გვინახავს ცესკო-ს წინა თავმჯდომარის ბრიფინგის ჩაშლის მცდელობა, შენობაში შეჭრის მცდელობები და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოწოდება-განცხადებები. გვახსოვს, ცესკო-ს ღობის მნიშვნელოვნად დაზიანების ფაქტები. ეს საზოგადოებამ კარგად ნახა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება და დაგეგმილი იყო რა შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მათ შორის გზის საფარის აღდგენა და ა.შ. შესაბამისი ზომები მივიღეთ და უსაფრთხოების კომპონენტიც გავითვალისწინეთ. თუმცა ეს ისე წარმოჩინდა, თითქოს, უსაშველო რამ მოხდა. ღობეს რომ რეაბილიტაცია გაუკეთდა, აქ მგონი დასაძრახი არაფერია, მითუმეტეს, იმ ფონზე როცა გარკვეული მინიმალური უსაფრთხოების კომპონენტები იქნა გათვალისწინებული.
რაც შეეხება მანდატურის სამსახურს, ეს ინსტიტუციაში ადამიანური რესურსების მატებამ და შენობა-ნაგებობებში სამუშაო სივრცის მატებამ განაპირობა, აქაც უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის გამო. ცხადია, რომ როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ამას შესაძლოა, პრევენციული ხასიათიც ჰქონდეს და ზუსტადაც, რომ ჩვენი ვალდებულება არის, რომ ზემოთ მოყვანილი გარემოების ანალიზის შედეგად, ყველა ასპექტი იქნეს გათვალისწინებული, სათანადო სამუშაოების განხორციელებისას. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით შენობის გარკვეული ნაწილის პერიმეტრზე ახალი ღობის ინსტალაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი მოდიფიცირება თავის მხრივ უპასუხებს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას, რომ რიგი ორგანიზაცია გრანტების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს კომპეტენციაში ვერ შევა, თუმცა „ობიექტურობა ყველას მოეთხოვება, მათ შორის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს“. აღნიშნულის კონტექსტში ცესკოს თავმჯდომარე მათ სადამკვირვებლო დასკვნებში გადამოწმებული და ვერიფიცირებული ინფორმაციის ასახვისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ანტიკორუფციული ბიუროს კომპეტენციაში ვერ შევიჭრებით, ეს მათი შეფასებებია, მათი საქმიანობის ნაწილია. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის გარკვეულ მოთხოვნებს ადგენს, იმისთვის, რომ მათ გაიარონ შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურები და მერწმუნეთ, რომ დაცული იქნება საარჩევნო კანონმდებლობა სრულად. რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიებს, მათი არსებობა არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. თუმცა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა მოეთხოვება ყველას. მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, გადამოწმებული და ვერიფიცირებული ინფორმაცია ასახონ თავიანთ სადამკვირვებლო დასკვნებში და ამის საფუძველზე მოახდინონ თავიანთი დასკვნებისა თუ რეკომენდაციების ფორმირება. ჩვენი მხრივ, ვადასტურებ ღიაობას და თანამშრომლობას, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.