"სიკვდილამდე კესარიამ მომწერა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?" - რას იხსენებს ბექა ჯაიანის დედა?
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბრალდებული ბექა ჯაიანის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. ამბობს, რომ კესარიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა, რა დროსაც გაიგო, რომ ქალი მის შვილს ცოლად მოჰყავდა.
"ეს იყო დიდი შოკი მინდა მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო. არავის არ უნდა უკლავდნენ შვილს. ბოდიშს ვუხდი მას. მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს, ისე ბექას. რაც არ უნდა ყოფილიყო, სიცოცხლის გასამართლება გასამართლებელი საბუთი არ არის. უნდა დაისაჯოს მკვლელი. ბექასგან მიკვირს, რომ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა, თუმცა მას გამართლება არ აქვს.
ბექა 18 სექტემბერს დილით ვნახე, პირად დაცვაში მუშაობდა. მას სურდა ბექას რომ ცოლად მოეყვანა. მომწერა კესარიამ სიკვდილამდე, შენს შვილს ცოლად მოვყავარო და თანახმა ხარო?" - ამბობს ბექა ჯაიანის დედა "ნოდარ მელაძის შაბათთან" ინტერვიუში.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ."ბექა ჯაიანმა 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა.ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.