„უარს ვამბობთ "ოცნების" ამორალური ბანერების ეთერში გაშვებაზე, გვემუქრება ჯარიმები“ - სამი ტელეარხი
ტელეკომპანიები, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ მათგან მოითხოვს უკრაინის ომის ამსახველი „ამორალური“ ბანერების მათ ეთერში გაშვებას.
ტელეარხების თქმით, ისინი ამ ბანერებს ეთერში არ გაუშვებენ, რის გამოც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, „დიდძალი ჯარიმები“ დაეკისროთ.
ისინი რეაგირებისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებასა და საელჩოებს.
სამი ტელეკომპანიის მიერ 5 ოქტომბერს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე - ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს“.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“, - აცხადებენ ტელევიზიები.