ლევან იოსელიანი - არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს | Allnews.Ge

ლევან იოსელიანი - არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს

ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს, ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემის „360 გრადუსის” წამყვანს კითხვაზე, თვლის თუ არა სახალხო დამცველი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში და არჩევნების დროს დამდგარი შედეგები არის თუ არა ლეგიტიმური.

მისი თქმით, არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს.

„საქმე იმაშია, რომ ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. ამაზე ბევრჯერ გვაქვს განცხადება გაკეთებული - ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას, შესაბამისად, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, ამაზე ვერც მე, ვერც ჩემს შემდგომი, ვერც ერთი სახალხო დამცველი ამაზე ვერ იმსჯელებს. ამაზე შეიძლება ილაპარაკოს სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ამაზე შეიძლება ილაპარაკოს ეუთო/ოდირმა, იმ პარტიებმა, ვინც იქ ესწრებოდნენ, მაგრამ სახალხო დამცველს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან, ჩვენ არ ვახორციელებთ სადამკვირვებლო საქმიანობას.

რატომ მკითხულობდნენ, არ ვიცი, ბევრი ადამიანი არაკომპეტენტურობის გამო სვამს რაღაც კითხვებს, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, ბევრი იმ განზრახვით სვამს კითხვებს, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის.

ის ადამიანები, პოლიტიკოსები, ვინც ამას კითხულობდნენ და რა სტილითაც კითხულობდნენ, მათი მიზანი ცალსახად დისკრედიტაცია იყო. მათი მიზანი იყო, პოლიტიკურ დისკუსიაში ჩავეთრიე მე ან ჩემი აპარატი და ახლა იმათ გავცე პასუხი, რაც ძალიან კარგად იციან. ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არ ვაკვირდებით არჩევნებს, ძალიან კარგად იციან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რასაც ვაკეთებთ. მხოლოდ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა და დაინტერესდა იმ დარღვევებით, რომელიც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ. 110 ფაქტი გვაქვს, სავარაუდო დანაშაულის შემცველი, ჩვენს მიერ დაიდენტიფიცირებული, რაც მედიაში გავრცელდა. ეს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს ეხება, ისე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. ყველა ამ ფაქტზე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ყველა ამ ფაქტზე კომუნიკაცია დავიწყეთ შესაბამის უწყებებთან, ყველა ამ ფაქტის მონიტორინგი, ყველა ამ ფაქტზე დოკუმენტაციის გამოთხოვა. ამის შესახებ არავის უკითხავს იმიტომ, რომ ეს ის საკითხებია, რომელზეც თუ ვინმე სერიოზულად დაინტერესდება, სერიოზულ პასუხს მიიღებს და მიხვდება, რომ სახალხო დამცველი, მისი აპარატი ძალიან დიდ შრომას ეწევა იმისთვის, რომ არც ერთი ფაქტი, რომელიც ჩვენთვის საჯაროდ ხდება ცნობილი, არ დარჩეს რეაგირების გარეშე.პოლიტიკოსების ამოცანა ასეთი განცხადებებით, ამ ეტაპზე სხვა არაფერია, თუ არა სახალხო დამცველის დისკრედიტაციას, ვინაიდან მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით, მე არ ვარ მათთან, არ ვიმეორებ რაღაც აბსურდულ განცხადებებს, რომლებიც ძნელია, საღი აზრის ადამიანმა დაიჯეროს”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.