გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ხვალ, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან კვლავ შეიკრიბონ | Allnews.Ge

გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ხვალ, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან კვლავ შეიკრიბონ

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროტესტის გამოსახატად ხვალ, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან კვლავ შეიკრიბონ.

მისივე თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

„სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. ხვალ 12:00 საათზე არის ერთი პროცესი, ხოლო მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ, 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, მათ ფაქტობრივად სასამართლო დახურეს, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ დღეს, 16:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ.

„ასევე, 16:00 საათზე ქუთაისში სასამართლო პროცესი იწყება და ვინც ახლა გვიყურებთ, მიდით ქუთაისის სააპელაციოს შენობასთან. ასეთივე სასამართლო პროცესები იქნება ბათუმში და გთხოვთ, ადგილზე ორგანიზება გავაკეთოთ, რომ იქაც იგივე ტიპის შეკრებები იყოს.

ყოველდღე წინააღმდეგობა გვექნება, სანამ სისტემას ბოლომდე არ ჩამოვშლით. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებას არავის არ დავუთმობთ!“ - აღნიშნა ვაშაძემ.