კახა კალაძე - რასაც დღეს ჩვენ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ვხედავთ, არის იმ რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში კონკრეტული განცხადებებით ვისმენდით | Allnews.Ge

კახა კალაძე - რასაც დღეს ჩვენ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ვხედავთ, არის იმ რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში კონკრეტული განცხადებებით ვისმენდით

რასაც დღეს ჩვენ თბილისში ვხედავთ, ჭავჭავაძის გამზირზე, არის იმ რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში კონკრეტული განცხადებებით ვისმენდით, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში რადიკალიზმის დრო დამთავრებულია.

„რაც შეეხება ოპოზიციის აქციებს, იმ ფორმით, რასაც ვხედავთ, ეს არის რადიკალური ქმედებები რადიკალების მხრიდან. ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი, ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრა. ისინი მთელი კამპანიის განმავლობაში თავის ამომრჩეველს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ისინი გამარჯვებულები იყვნენ. შემდეგ არჩევნების დღეს ყალბი ეგზიტპოლები აჩვენეს, იზეიმეს კიდეც და შემდეგ უკვე დაიწყეს ცრუ კამპანიის გავრცელება, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ის, რასაც დღეს ჩვენ თბილისში ვხედავთ, ჭავჭავაძის გამზირზე, არის იმ რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში კონკრეტული განცხადებებით ვისმენდით. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში რადიკალიზმის დრო დამთავრებულია და ყოველთვის იქნება დამარცხებული, როგორც რადიკალიზმი, ასევე ბოროტება”, - აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტი შეიკრიბება და მთავრობაც დამტკიცდება, რასაც „ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”.

„ქვეყანაში ჩვენ გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდება. რამდენიმე დღეში პარლამენტი შეიკრიბება, ასევე, დამტკიცდება პრემიერ-მინისტრი, ახალი მინისტრთა კაბინეტი და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო. ჩვენ დღეს გაჩერების შესაძლებლობა არ გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს ეკონომიკურად, წინ წავიდეს და მოსახლეობამ კეთილდღეობა იგრძნოს.

ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებები აქვს გამიზნული. ამით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ საკუთარ სახეს აჩვენებენ და მიხარია, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას ”, - აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს და ისინი აქციებში მონაწილეობას არ იღებენ, კალაძემ უპასუხა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა სიცივე იყოს.

„ეს არ ეხება მხოლოდ მამუკა ხაზარაძეს. თქვენ თუ დააკვირდებით ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, ამ რადიკალურ ქმედებებს, განცხადებებს, როდესაც მაგალითად: პარლამენტის წინ შეკრებილი იყო ადამიანები, ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ რადიკალურ ქმედებებთან დაკავშირებით, შემდეგ თვითონ მიიმალებოდნენ და ახალგაზრდებს შეატოვებდნენ სპეცრაზმს და პოლიციას. შედეგად ხდებოდა დაკავებები, დღეს უკვე ორ ადამიანს მისჯილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულზე რამდენიმე წელი. ასევე, ორთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მასაც მიუსჯიან. შემდეგ ის ადამიანები არავის არ ახსოვს. მინდა ყველას მივმართო, ნუ გამოაყენებინებთ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს, ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს!

ალბათ, სიცივის გამო თავს არიდებენ, გუშინ, ხომ ვნახეთ რამდენიმე მათგანი გაიპარა. ზოგი რაღაცისთვის გადიოდა ვითომ, ზოგი კიდევ თბილი ჩაის დასალევად და ა.შ.”, -აღნიშნა კალაძემ.