სალომე ზურაბიშვილი - გეგმა არის ახალი არჩევნები, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება - გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი | Allnews.Ge

სალომე ზურაბიშვილი - გეგმა არის ახალი არჩევნები, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება - გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვას სთავაზობს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება, ახალ არჩევნებამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნება.

„ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა ერთად უნდა მოძებნოთ. უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამაც, როგორც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი. გეგმა როგორია, რას ვთავაზობ?! პირველი - ცხადია, ახალი არჩევნები. არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, რომ გამეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთი არის საერთაშორისო გამოძიება. არა იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, რომ არ შედგა არჩევნები და გაყალბებული იქნა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გინდა მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არაგაყალბებული არჩევნები. საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და გზავნილებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო/ოდირის მოთხოვნები. დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით. ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ახალ ინსტანციებში არ არის გამორიცხული და სასურველია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშალოდ ჩართული.მეორე პუნქტი, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისათვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არავის აქვს დევნის მომენტი. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის, საზოგადოების ნება არ არის ასახული არჩევნებში და იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც მოჰყვება არჩევნებს. ამ გეგმაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი, რამდენადაც ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არის სტაბილური და მშვიდობიანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან რყევების გარეშე გამოვიდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.