მიხეილ ჯანელიძე დისკუსიის გამართვის შესახებ ირაკლი კობახიძის შეთავაზებაზე - მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია | Allnews.Ge

მიხეილ ჯანელიძე დისკუსიის გამართვის შესახებ ირაკლი კობახიძის შეთავაზებაზე - მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია

მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია, - ამ შეთავაზებით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“.

“მგონი, კარგად მიცნობთ და ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. თუ რაიმე შედეგს მიაღწია “ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი“, - მიმართავს ჯანელიძე ირაკლი კობახიძეს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში წაკითხულის და მოსმენილის გააზრების სერიოზული პრობლემაა.

“ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს.