დაპირებები, რომელიც 2025 წელს უნდა შესრულდეს
2024 წელი, ისევე როგორც წინა წლები, მრავალფეროვანი იყო პოლიტიკური დაპირებებით. წყალმომარაგება, გაზიფიცირება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები იმ დაპირებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 2024 წელს გაიცა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც 2025 წელს არის დაგეგმილი
ვაზიანის აეროპორტში რიგი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება
ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაა დაგეგმილი. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება ტერმინალის პროექტირება, Air-side და Land-side პროექტირება, მიწების გამოსყიდვა, პერიმეტრის შემოღობვა (პროექტირება და მშენებლობა), წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები და Air-Side მშენებლობის დაწყება.
ამ ეტაპზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Master-Plan ის და Feasibility-ის მომსახურებების შესყიდვაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. მთავრობის პროგნოზით, 2028 წლის ბოლოს მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.
2025 წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2025 წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა დაიწყება.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს დაგეგმილია რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზის მონაკვეთების მშენებლობის დაწყება და დასრულება. გარდა ამისა, ამავე წელს იგეგმება ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთის მშენებლობაც.
„აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დასრულდება საქართველოს აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკების საზღვრებთან დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ მონაკვეთების მშენებლობა“, - აცხადებდა სამინისტრო გასული წლის ნოემბერში.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის, ლილოს შემოვლითი გზისა და თბილისის ახალი შემოსასვლელ-გასასვლელის მშენებლობა. იხილეთ სრულად