"ვფიქრობ ხოლმე, ბაბუ რომ ცოცხალი იყოს, როგორ ვიმღერებდით ერთად..." - რას გვიყვებიან ლეგენდად ქცეულ ჰამლეტ გონაშვილზე მისი შვილიშვილები: 8 წლის იონე და 3 წლის ნინა
ჰამლეტ გონაშვილის ოჯახს პირველად წლების წინ ვესტუმრე და ბატონი ჰამლეტის ოჯახიც მის მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან, გიორგისთან ინტერვიუთი გავიცანი. მაშინდელი სტუმრობისას აღმოჩნდა, რომ გიორგის მეუღლე თინათინი წარმოშობით სვანეთის ლატალიდან იყო და თანაც - ჩემი იქაური მეგობრების ახლო ნათესავი.
მახსოვს, გიორგის უფროსი შვილი - იოანე ძალიან პატარა იყო, მგონი, არც ლაპარაკობდა. წლების მერე კი ნინაც დაიბადა და ცოტა ხნის წინ 3 წლის გოგონას ანსამბლ "შავნაბადას“ ბიჭებთან ერთად არაჩვეულებრივად ნამღერი - "სისონაი დარჩიაი“ მთელმა საქართველომ სატელევიზიო სიუჟეტში იხილა და მოისმინა. გადავწყვიტე, კვლავ შევხმიანებოდი გონაშვილებს და ამჯერად ნინა და იოანე გამეცნო. მართალია, ინტერვიუ ვიდეოზარით ჩავწერეთ, მაგრამ ამას არც პატარა ნინა დაუბნევია და არც უკვე 8 წლის იოანე.
იოანე
ვერც წარმოვიდგენდი, რომ იოანე სხვანაირი იქნებოდა - ლამაზი ბიჭია, საკმაოდ სერიოზული და ახლავე ეტყობა, რომ ბატონი ჰამლეტის ჭეშმარიტად ღირსეული შვილიშვილია. მართალია, ბაბუს ვერ მოესწრო, მაგრამ ლამარა ბებოსგან მასზე უკვე ბევრი რამ იცის. ბებო, თურმე, უყვება, რომ ჰამლეტი ბაბუ ძალიან დაკუნთული იყო, სულ ვარჯიშობდა და ძალიან გულკეთილი ადამიანი იყოო. ვკითხე, ბაბუ რომ იყოს ცოცხალი, გიფიქრია, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება-მეთქი და წამში მიპასუხა, მიფიქრია - როგორ ვიმღერებდით ერთად, როგორ ვითამაშებდით, ვისეირნებდით და... სულ ერთად ვიქნებოდითო.
რაც მთავარია, იოანეც მღერის, თანაც ჩემი მეგობრის, დათო ცინცაძის შექმნილ ბავშვთა გუნდ "შავნაბადაში“. მითხრა, 6 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ მეც მინდოდა, მემღერა. ბაბუს სიმღერებს პატარაობიდან ვუსმენდი. ჩემთვის ის კეთილი და მომღერალი ადამიანი იყო, ვარსკვლავი. მისი სიმღერებიდან განსაკუთრებით "ჩაკრულო“ და "თუ ასე ტურფა იყავი“ მომწონს. სიმღერის გარდა, კარატეზე და ფეხბურთზეც დავდივარ. მშობლებმაც და მასწავლებლებმაც მითხრეს და მეც ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად ეს სამი რამ გამომდის, სამივე ერთნაირად მიყვარს. ვფიქრობ, როცა გავიზრდები, ფეხბურთელი, მომღერალი და კარატისტი გამოვალო.
ნინანინა ძალიან ლამაზი, ხალისიანი, ჭიკჭიკა გოგონაა და, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ მიუხედავად პატარა ასაკისა, შესანიშნავი მუსიკალური სმენა აქვს. მოუსვენარი ნინა თან კანფეტს შეექცეოდა და თან მესაუბრებოდა. გამომიტყდა, რომ სიმღერა ძალიან უყვარს და "შავნაბადაში“ ლუკა და ონისე ამეცადინებენ. არ დაიზარა და იქვე თავიდან ბოლომდე აკომპანემენტის გარეშე, აკაპელაში უშეცდომოდ შემისრულა "სისონაი დარჩიაი“. როდესაც ჩავეკითხე, ასეთი ტკბილი ხმა საიდან ამოგდის-მეთქი, უყოყმანოდ მიპასუხა, - კარგად ვჭამ და იმიტომო. აღმოჩნდა, რომ საჭმელებიდან ყველაზე მეტად, თურმე, უყვარს: პიცა, ხორცი, "სუპი“, რძე, ბანანი, ხინკალი... ჩავეკითხე, რამდენ ხინკალს მიირთმევ-მეთქი და, - 2-3 ხინკალსო. თუმცა გამოტყდა, რომ ხინკლის ცომი და წვენი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე - ხორცი. იხილეთ სრულად