"47 წელია გვილოცავს ახალ წელს, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ?“ - რას აცხადებს მეუფე ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის დამონტაჟებულ საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით
მიტროპოლიტი ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვის შესახებ, კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ილია მეორეს სურს, რომ საქართველომ პირველ რიგში ქრისტესშობა იზეიმოს და შემდეგ სხვა დღესასწაულები. მეუფე ნიკოლოზი ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნას, საბჭოთა კავშირის გადმონაშთს უწოდებს.
"47 წელია გვილოცავს, როგორც პატრიარქი ახალ წელს, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ? ერთადერთი ქვეყანა ვართ, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, ვინც ჯერ ახალ წელს აღნიშნავს და მერე შობას.
საერთოდ ახალი წელი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აღინიშნება. არ აღნიშნავენ, არ არის ახალი წელი დღესასწაული და ჩვენ ჯერჯერობით აქედან ვერ გამოვდივართ. პატრიარქს უნდა რომ ეს შეგვიცვალოს, მოგვილოცოს შობა და არა ახალი წელი. მარტო რუსეთში არის ასე. საბჭოთა კავშირის გადმონაშთია ახალი წელი. მარტო რუსეთი და საქართველო აღნიშნავს.
ნამდვილად მინდა გითხრათ, მთელს მსოფლიოში მთავარი დღესასწაული, განსაკუთრებით ქრისტიანულ ქვეყნებში არის შობა.
აი ჩვენს პატრიარქს ეს უნდა რომ შეცვალოს ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი [გამიზნული ქმედება]. ვისაუბრეთ მანამდეც, გუშინ შევხვდით კიდევ, ვისაუბრეთ მასთან და აბსოლუტურად ფუნქციონირებს ეს ადამიანი,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა “მთავარ არხთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, პატრიარქის საახალწლო მილოცვა, ძველი ჩანაწერის მონტაჟი აღმოჩნდა. მოგვიანებით ფაქტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა.
"პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი "საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს" იხსენიებს აუგად.დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს.
ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი", -წერს ანდრია ჯაღმაიძე.