გიორგი ბურჯანაძე - ლევან იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს საკითხის შერბილებას - ეს წარმოადგენს მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას და ადასტურებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობას | Allnews.Ge

გიორგი ბურჯანაძე - ლევან იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს საკითხის შერბილებას - ეს წარმოადგენს მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას და ადასტურებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობას

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს საკითხის შერბილებულად წარმოდგენას, - ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე, ფონდის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ლევან იოსელიანის განცხადება, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების სხვადასხვა შემთხვევას წამებას ვერ დაარქმევს, არასწორია და სახალხო დამცველის მხრიდან საკუთარი მანდატის შემცირების მცდელობაა.

„28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს უპრეცედენტო ძალა და ასობით მოქალაქის მიმართ განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა და წამება. ეს უკანონო ქმედებები იყო და მიზნად ისახავდა პროტესტის მონაწილეების დასჯას და დაშინებას. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ განხორციელებული ვიზიტების დროს ნანახი იქნა არაერთი პირი, გაკეთდა შესაბამისი შეფასებებიც, მაგრამ შემდგომ საერთაშორისო გამოხმაურებების კვალდაკვალ შეიცვალა შეფასება. სახალხო დამცველმა შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ წამებას არ ჰქონია სისტემური ხასიათი. აღნიშნული წარმოადგენს მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, ადასტურებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობას და არადამოუკიდებლობას.

28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა 362 პირი და ამათგან 227 პირი საუბრობდა, რომ მათ მიმართ განხორციელდა ან წამება ან არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობა. მათგან 158 პირს ჰქონდა ხილული დაზიანებები. ეს უშუალოდ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

მის მიერ გაჟღერებულ განცხადებაში საუბარია დაკავებულების დაზიანებაზე და იმაზე, რომ ბევრი დაკავებული ვერ ნახეს რწმუნებულებმა ფიზიკურად, რადგან დაკავებულები იყვნენ სასტიკად ნაცემი. 30 ნოემბერს იზოლატორიდან გამოსულმა ლევან იოსელიანმა კი ნანახს სიმხეცე უწოდა.

პირველ დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში იოსელიანი აღნიშნავს, რომ 44 დაკავებულიდან 38 საუბრობდა ძალადობაზე, ასევე საუბრობს მომიტინგეების ალყაზე და დასჯაზე როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე ავტომობილებში.

ამ ყველაფრის შემდეგ, 17 იანვარს ლევან იოსელიანი გამოვიდა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ვერ მოახდენდა ქმედებების წამებად დაკვალიფიცირებას და რომ აღნიშნული უფლებამოსილება ჰქონდა მხოლოდ გამოძიებას. გარდა ამისა თქვა, რომ ზოგადად წამების სისტემურობა გამორიცხულია და სისტემური მარტო “არასათანადო მოპყრობა“ შეიძლება იყოს და რომ წამება სისტემური ვერ იქნებაო. ეს არასწორი ინფორმაციაა და ბუნებრივია, არ შეესაბამება სიმართლეს.

საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის წამების პრევენცია. ეს როლი აქვს დეტალურად განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ეს უფლებამოსილება აქვს გაწერილი წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმითაც, რომელიც საქართველოს აქვს რატიფიცირებული და რომლითაც საქართველოს სახალხო დამცველი არის პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

ეს მექანიზმი და სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი უფლებას აძლევს სახალხო დამცველს დახურულ დაწესებულებაში შევიდეს და მოინახულოს დაკავებული პატიმარი, ჩაუტაროს მას ექსპერტიზა. ეს ასევე გულისხმობს დაზიანებების დადოკუმენტირებას ე.წ. სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ წამების ფაქტები დადოკუმენტირდეს, დასურათდეს და შემდგომ გამოდგეს საერთაშორისოდ შესაფასებლად. ლევან იოსელიანმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამდენ შემთხვევაში გამოიყენა ეს უფლებამოსილება. სახალხო დამცველს აღნიშნულის ტექნიკური შესაძლებლობა სრულად აქვს.

ლევან იოსელიანმა დეტალურად უნდა გასცეს პასუხი, თუ რა რესურსი გამოიყენა წამების ფაქტების დოკუმენტირებისთვის, მოახდინა თუ არა ფოტოგადაღება, სტამბული პროტოკოლით დოკუმენტირება, გამოიყენა თუ არა თუ არა პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლების და ექსპერტების რესურსი ამ ტიპის ძალადობების გამოსავლენად.

მე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ ყოფილ კოლეგებს, რომელთა პროფესიონალიზმზე დგას დღეს სახალხო დამცველის აპარატი. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ტიპის სახალხო დამცველის ხელში ძალიან ბევრი რამის დოკუმენტირება შეუძლებელი ხდება. დეკემბერში და იანვარში, წამების ფაქტების დოკუმენტირება არასამთავრობო ორგანიზაციებს გვიწევდა“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.