კოლეგები და მეგობრები მზია ამაღლობელს მოუწოდებენ, შიმშილობა შეწყვიტოს | Allnews.Ge

კოლეგები და მეგობრები მზია ამაღლობელს მოუწოდებენ, შიმშილობა შეწყვიტოს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელს მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

როგორც წერილშია ნათქვამი, მზია ამაღლობელმა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე გაჟღერდა წერილი, რომელსაც ადვოკატის მეშვეობით ციხეშიც შეუგზავნიან:

„მზია, ჩვენ შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ, გთხოვ, შეაჩერე პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენს გვერდით ვართ, შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალმოცემულები. გთხოვ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება“, - ნათქვამია წერილში.

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ მორიგი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა.

მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.