26 შაბათი - 2025, აპრილი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს ქონებას იძულებით წესით ჩამოართმევენ - რა არის მიზეზები? | Allnews.Ge

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს ქონებას იძულებით წესით ჩამოართმევენ - რა არის მიზეზები?

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს ქონებას იძულებით წესით ჩამოართმევენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.

საუბარია, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეების კუთვნილ მიწებზე ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭება.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება შეეხება ,,წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ,,წყალტუბო-ახალციხის“ პროექტი ითვალისწინებს 97 კმ სიგრძის 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას, არსებული წყალტუბოს ქვესადგურიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში არსებულ ქვესადგურამდე.

,,წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის წყალტუბოს, ქუთაისის, ვანის, ადიგენისა და ახალციხის ტერიტორიებზე. პროექტით გათვალისწინებულია 286 საყრდენის განთავსება. ,,წყალტუბო-ახალციხის" ხაზის განხორციელებით დაგეგმილია ჩრდილოეთის რგოლის გაძლიერება. პროექტი ასევე კავშირშია ,,ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტთან. პროექტი ,,ჯვარი-წყალტუბო-ახალციხე“ სრულად დაარეზერვებს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემ ხაზებს ,,იმერეთი“ და „ზეკარი“, - აღნიშნულია განკარგულებაში. იხილეთ სრულად