როგორ გავარჩიოთ მოწყენილობა დეპრესიისგან? - წაიკითხეთ ფსიქოთერაპევტის რჩევები
გუნება-განწყობის დაქვეითება, მოვალეობებსა და საქმეებზე უარის თქმა, განმარტოების სურვილი, ენერგიის დაკარგვა, სუიციდური ფიქრები და რიგ შემთხვევაში, მცდელობაც კი - ეს დეპრესიაა. დეპრესიას ყოველთვის წინ უძღვის მოწყენილობა, რომელიც რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება. ხოლო თუ თქვენი მოწყენილობა 2 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, თქვენ უკვე დეპრესია გაქვთ და აუცილებელია ჩარევა, რომელიც თქვენს მდგომარეობას გაღრმავების საშუალებას არ მისცემს და პირიქით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაგიბრუნებთ.
როგორ გავარჩიოთ უბრალო მოწყენილობა და დეპრესია, რა გავაკეთოთ რომ დეპრესია არ დაგვეწყოს და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ დეპრესია მაინც დაგვეუფლა - ამ და სხვა კითხვებზე "ფსიქოთერაპიული გეშტალტკლინიკის" ფსიქოთერაპევტი სალომე საბიაშვილი გვესაუბრება.
როგორ განვასხვავოთ მოწყენილობა დეპრესიისგან?
ხშირად უბრალო მოწყენილობას დეპრესიას უწოდებენ. მოწყენილობა - ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი სევდას განიცდის. გუნება-განწყობილების დაქვეითებას კი წინ ყოველთვის რაღაც ნეგატიური მოვლენა უსწრებს. მოწყენილ ადამიანს აღარ ეხალისება ის აქტივობები, რასაც აკეთებდა, განმარტოებით ყოფნა ურჩევნია, ხმაურიან გარემოში გასვლას ერიდება, მეტად ინერტულია. ეს მდგომარეობა გრძელდება რამდენიმე დღე, მაქსიმუმ რამდენიმე კვირა. სევდიან მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შენარჩუნებული აქვს უნარი, რომ მის ცხოვრებაში მომხდარი კარგი ამბებიც შეამჩნიოს. კარგი მას აუცილებლად უხარია. სევდა ყველაფერს არ ფარავს. გარკვეული პერიოდის მერე გუნება-განწყობის გაუმჯობესება ხდება და ადამიანი მოწყენილობიდან გამოდის. წინა დღეს თუ მას სახლიდან გასვლა არ უნდოდა, დღეს შეიძლება უბრალო კომპლიმენტმაც გაამხიარულოს. მოწყენილ ადამიანს დადებითი ემოციები მარტივად ეუფლება.
რაც შეეხება დეპრესიას, ის გუნება-განწყობილების არაჯანსაღი დაქვეითებაა. მას განვიხილავთ, როგორც ავადმყოფობას. იგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, როგორც ჯანმრთელობის მეოთხე ყველაზე გლობალური პრობლემა. დეპრესიულ ადამიანს ეუფლება დაქვეითებული გუნება-განწყობილება სევდის ან სიცარიელის შეგრძნებით. სიამოვნების მიღების მკვეთრი დაქვეითება ხდება ყველა სფეროში. დეპრესიის ნიშნებია ცხოვრების ხალისის დაკარგვა, უენერგიობა, დაქვეითებული აზროვნება და კონცენტრირების უნარი, ძილიანობის მომატება, მადის დაქვეითება ან მომატება. დეპრესიაში მყოფი ადამიანები ხშრად სუქდებიან ან ხდებიან. მათ სიბნელე და ხანგრძლივი ძილი ურჩევნიათ. არასრულფასოვნების შეგრძნება უმძაფრდებათ და თუ დიდი დეპრესიის ფაზამდე მივიდა საქმე, ჩნდება სუიციდური ფიქრები და მცდელობაც კი. გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ დეპრესიას ყოველთვის თან ახლავს დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ადამიანი საწყის ეტაპზე ვერ აცნობიერებს. ამ დროს ადამიანი უარს ამბობს მოვალეობების შესრულებაზე, არ დადის სამსახურში, უნივერსიტეტში...
როგორ უნდა მოვიქცეთ რომ მოწყენილობა დეპრესიაში არ გადაიზარდოს?
მოწყენილობა რომ დეპრესიად არ იქცეს, ის დროში არ უნდა გაიწელოს. დინებას არ უნდა მიჰყვეთ. პირიქით, გამოსავლის ძიება უნდა დაიწყოთ. მოქმედება და აქტიურობა არის მოწყენილობიდან გამოსვლის ნომერ პირველი საშუალება. უნდა შეეწინააღმდეგოთ მას, რაც არ მოგწონთ და რაც თქვენს მოწყენილობას იწვევს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დეპრესია დავძლიოთ?
თუ ხვდებით, რომ მარტო ვერ უმკლავდებით თავს და დეპრესიული პერიოდი ხანგრძლივდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. თუ გარკვეული მიზეზების გამო სპეციალისტთან მისვლას ვერ ახერხებთ, მაშინ დაელაპარაკეთ მეგობრებს, ახლობლებს. ერთ ადამიანს მაინც გაუზიარეთ თქვენი ფიქრები და გრძნობები. განცდების ამოტანა უნდა მოხდეს. ეცადეთ, არ იყოთ იზოლირებული. როცა გაზიარება არ ხდება, დეპრესია უფრო იწელება და მდგომარეობა რთულდება. თუ გაზიარებისა და გარკვეული აქტივობების მიუხედავად, აპათიური მდგომარეობა არ სრულდება, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.
როდის ხდება ანტიდეპრესანტების მიღება?
როდესაც სახეზე გვაქვს დიდი დეპრესია, რომელსაც ხშირად თან ახლავს სუიციდური აზრები, ხანდახან მცდელობებიც კი, მაშინ აუცილებელი ხდება მედიკამენტური ჩარევა. ვინაიდან ფსიქოთერაპევტი არ არის ექიმი და არ აქვს მედიკამენტების დანიშვნის უფლება, პაციენტს ერთჯერადად ვამისამართებთ ფსიქიატრთან, რომელიც სვამს დიაგზნოს და ნიშნავს მედიკამენტებს, ანტიდეპრესანტებს. შედეგად პაციენტს უტარდება ორმხრივი მედიკამენტური და თერაპიული მკურნალობა. ზოგადად, ანტიდეპრესანტები იწვევს შეჩვევას და ამდენად ის რეკომენდირებული არაა. მეორე მხრივ, დეპრესიის დროს დანიშნული მედიკამენტები ცნობიერების დაბინდვასაც იწვევს. ფსიქოთერაპიის პროცესი კი ცნობიერების მაღალი დონის გარეშე ძალიან რთულდება და შედეგად, დეპრესიიდან გამოსვლის პერიოდი დროში იწელება. ამიტომ უმჯობესია დეპრესია თერაპიის საშუალებით დაძლიოთ.
როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ დეპრესიის საფრთხე არ დაგვემუქროს?
პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცხოვრება სირთულეებით აღსავსეა და აღმართს დაღმართი მოსდევს. დაღმართის მდგომარეობაში აპათია არ უნდა დაგვეუფლოს. ამ დროს საკუთარ თავს უნდა აჯობო და დაღმართიდან ნებისმიერი საშუალებით ამოიყვანო. თუ ამ მდგომარეობას ისე შეხედავთ, რომ ის დროებითია, დეპრესია არ დაგეუფლებათ. უნდა გაიაზროთ, რომ ეს ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია და ის აუცილებლად გაივლის. მეორე მხრივ, თითოეული წამი უნდა დავაფასოთ. პრიმიტიული და ელემენტარული რაღაცებისგანაც სიამოვნება უნდა მივიღოთ. ზოგადად, ადამიანი ნეგატიურს ძალიან მარტივად ხვდება და პოზიტიურს კი ხშირად ვერც აცნობიერებს. ნუ დაელოდებიან რაღაც გრანდიოზულს რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ. კარგი იქნება, თუ ეს მოხდება, მაგრამ იცოდეთ ის ყოველდღიური არაა.