რა მოსდის სხეულს კოსმოსში ყოფნისას?
კოსმოსი სახიფათო ადგილია, რომელიც შეცდომებს არ გვპატიობს. დიდი ხნის განმავლობაში ნულოვანი გრავიტაციის პირობებში ყოფნა, ადამიანის ჯანმრთელობაზე და, ზოგადად, მის სხეულზე აისახება, რასაც ასტრონავტები, ძირითად შემთხვევაში, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ხვდებიან.
მაგრამ კონკრეტულად ჯანმრთელობის რა რისკებთანაა დაკავშირებული კოსმოსში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნა?
მიმდინარე კვირას გავრცელდა ინფორმაცია იაპონელ ასტრონავტზე, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნის სულ რაღაც 3 კვირის განმავლობაში სიმაღლეში 9 სანტიმეტრი მოიმატა. შემდგომში ასტრონავტმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, სადაც განმარტა, რომ არასწორად დთვალა და სინამდვილეში მხოლოდ 2 სანტიმეტრით მოიმატა. როგორც ცნობილია, სიმაღლესთან დაკავშირებული ცვლილებები ნორმალურია იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც კოსმოსში დიდ დროს ატარებს.
დედამიწაზე არსებული ძლიერი გრავიტაციის გარეშე ადამიანის ხერხემლის მალებს შორის არსებული სივრცე ფართოვდება, რაც სიმაღლის ცვლილებებს იწვევს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ასტრონავტის სიმაღლე ნორმას უბრუნდება.
რა იცვლება კოსმოსში ერთი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ?
როგორც წესი, ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვის განმავლობაში რჩებიან და შემდეგ დედამიწაზე ბრუნდებიან, თუმცა ამერიკელმა სკოტ კელიმ მსოფლიოს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 2016 წელს კოსმოსში 340 სრული დღე რუს ასტრონავტთან, მიხეილ კორნიენკოსთან ერთად გაატარა.
მისიის მთავარი მიზანი იმის დადგენა იყო, რა გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე უწონობა, რადიაცია და იზოლაციის პირობებში ხანგრძლივი ყოფნა.
მაშინ როდესაც სკოტ კელი კოსმოსურ სადგურზე იყო და ცდის განხორციელებას უწყობდა ხელს, მისი ტყუპისცალი დედამიწაზე რჩებოდა, რათა კელის დაბრუნების შემდეგ მათი ორგანიზმები შეედარებინათ.
"ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უმეტეს პრობლემებს სიმპტომები არ აქვს. მაგალითად, შენ არ შეგიძლია შენი ძვლების წონა იგრძნო"- განმარტა "ბიბისი"-სთან საუბარში სკოტ კელიმ.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, მან უამრავი ტესტი გაიარა. კოსმოსში დიდი ხნის განმავლობაში დარჩენის შემდეგ, მას სიმპტომებისა და დარღვევების გრძელი ნუსხა დაუგროვდა.
"ვგრძნობდი ტკივილს, შებოჭილობას, დავკარგე გარკვეული ოდენობის ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილი, გარდა ამისა აღმენიშნებოდა სისხლჩაქცევები და შიდა ქალის წნევა იყო მომატებული"- განმარტავს ასტონავტი.
პრობლემები შეექმნა კანთან დაკავშირებითაც.NASA-ს ცნობით, სკოტ კელის მოგზაურობა კოსმოსში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ბიოსამედიცინო რისკების შემცირების თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვან დახმარებას NASA-ს ასტრონავტების ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობის დაგეგმვისას, როდესაც ისინი მარსზე და კიდევ უფრო შორს გაემგზავრებიან.
ნებისმიერი მისიის განხორციელებას მარსზე 30 თვე დასჭირდება, რაც გაცილებით ბევრია იმ მაქსიმალურ დროზე, რაც ადამიანს კოსმოსში ამ დრომდე გაუტარებია.
გრავიტაციის სწრაფმა ცვლილებამ ერთი თვის განმავლობაში ძვლოვანი ქსოვილის 1%-ის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს, რასაც ოსტეოპოროზთან და მსგავს დაავადებებთან მივყავართ. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობის სეროზულ პრობლემებს იწვევს.
უწონობის პირობებში, შესაძლოა, წარმოიქმნას სისხლჩაქცევები, მაღალი არტერიული წნევა, მხედველობისა და სხვა პრობლემები. ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯიშსა და კვებას, ისევე, როგორ მედიკამენტოზურ ჩარევას, რათა ასტრონავტმა შემდგომი გართულებები აიცილოს თავიდან.
დიდი ხნის განმვლობაში იზოლაციაში ყოფნა ქცევით და ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. კონკრეტულად, შესაძლოა, განვითარდეს დეპრესია და უძილობა.
დახურულ გარემოს იმუნიტეტის ადვილად დაქვეითება შეუძლია, რაც ადამიანის ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.
რადიაციის დონე კოსმოსში იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე დედამიწაზე. ატმოსფეროს გარეშე ადამიანი კიბოსა და ნერვული სისტემის დაზიანების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ იქნებოდა. კოსმოსის რადიაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სისუსტე და გაამწვავოს დაღლილობის განცდა.
იმის გამო, რომ მარსი დედამიწიდან საკმაოდ დიდ მანძილზეა დაშორებული, NASA-ში მუშაობენ იმაზე თუ როგორ აღჭურვონ კოსმოსური ხომალდები ისე, რომ ასტრონავტებს ზედმეტი პრობლემები არ შეექმნათ. გარა ამისა, როგორც ცნობილია, ეკიპაჟის წევრები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან, რათა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი შეძლონ.