რა ღირს ელექტრომობილები საქართველოში?
საქართველოში ელექტრომობილების რეალიზაციის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. ავტომობილების იმპორტიორ კომპანიებში აცხადებენ, რომ მოთხოვნის ზრდას მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები განაპირობებს. როგორც იცით, საქართველოში შემოყვანილი ელექტრომობილის განბაჟება უფასოა. ასევე ნულოვანია ელექტრომობილის მფლობელი ტაქსის მძღოლისთვის ქალაქში გადაადგილების ნებართვის აღება.
როგორც "კავკასიის ავტო იმპორტის" აღმასრულებელი დირექტორი დავით გულაშვილი Allnews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სექტემბერში ელექტრომობილების გაყიდვების წილი 400%-ით არის გაზრდილი.
"ჩვენი კომპანია თვეში 1500 ავტომობილის იმპორტს ახორციელებს. მათ შორის დიდი წილი, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ უჭირავს ელექტროავტომობილებს. ამ ტიპის ავტომობილების რეალიზაციის მაჩვენებელი ყოველთვიურად ძალიან იშვიათად სცდება ათ პროცენტს. წინა თვეში მაგალითად, 12% იყო, იმის წინ 11%, ზაფხულში ძალიან ცოტა გაიყიდა. თუმცა, საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ელექტროავტომობილების წილი ჩვენს ბრუნვაში სტაბილურად იზრდება."
დავით გულაშვილის ინფორმაციით, დაბალი ფასიდან გამომდინარე, საქართველოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი Nissan Leaf-ა. მისი განმარტებით, ამ ავტომობილის ღირებულება 4000-დან 7000 დოლარამდე მერყეობს.
"ჩვენს სტატისტიკაში მოთხოვნის მიხედვით მეორე ადგილზეა "შევროლეტ ვოლტი", რომელსაც მოსდევს "fiat 500", ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მანქანა ერთი დამუხტვით დაახლოებით 150 კმ-ს გადის. გააჩნია სიარულის მანერას, რა თქმა უნდა. შეიძლება გავითვალისწინოთ პლუს-მინუს 10 კილომეტრი. Fiat 500-ის ღირებულება დაახლოებით 8 ათასი დოლარია. ერთადერთი ძვირად ღირებული მანქანა, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ არის "ტესლა". მისი მინიმალური ღირებულება 25 ათასი დოლარია. ამ ფასად 2013-14 წლიანი "ტესლას" შეძენაა შესაძლებელი. შედარებით ახალი ტესლების ფასი 50 000-დან 100 000 დოლარამდე ადის. თუმცა, "ტესლას" საქართველოს გაყიდვებში ძალიან მცირე წილი უჭირავს. ჩვენი წარმომადგენლობა უკრაინაშიც გვაქვს და სტატისტიკით უკრაინა საქართველოზე ცოტა ავტომობილს ყიდულობს, მაგრამ 10-დან 2 არის "ტესლა", - განაცხადა დავით გულაშვილმა.
"ჰიუნდაის" გაყიდვების მენეჯერი ირაკლი გვასალია კი აღნიშნავს, რომ საქართველოში ელექტრომობილებით მომხმარებლის დაინტერესება საკმაოდ დიდია, თუმცა, ინფრასტრუქტურის პრობლემისა და შედარებით მაღალი ფასის გამო, გაყიდვების მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია.
"ჩვენ ამ ეტაპზე შემოგვყავს "ჰიუნდაი აიონიქ", რომლის ღირებულებაც 30 ათას დოლარამდეა. მომავალ წელს კი ვგეგმავთ კიდევ ერთი ელექტრომანქანა "ჰიუნდაი კონა" შემოვიყვანოთ. ახალი "ჰიუნდაი აიონიქ" 280 კმ-ს გადის. ხოლო კონა იქნება 300 კმ-იანი აკუმულატორის მოცულობით და 450-იანიც. ამ დრომდე 30-მდე ელექტრომობილი გვყავს გაყიდული. მათ შორის ფიზიკურ პირებზეც და ორგანიზაციებზეც", - აცხადებს ირაკლი გვასალია.
საქართველოში ავტოპარკს ყოველთვე 10-მდე ელექტრომობილი და 3-8 ელექტროდამტენი ემატება